N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სპექტაკლი დადგეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი დაიდგა. ღონისძიებას საპატრიარქოს, არასამთავრობოს სექტორის, კულტურის სფეროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სპექტაკლის - "შენ ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე, ერთი აპრილის ამოფეთქვა ხარ" სცენარის ავტორი და რეჟისორი მსჯავრდებულები არიან. სცენის დეკორაციებიც თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. წარმოდგენა პანტომიმის, მუსიკალურ, იუმორისტულ და თეატრალურ ნომრებს აერთიანებს. სპექტაკლი ასახავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ცხოვრებას, ასევე, იმ სოციალურ თუ ყოფით საკითხებს, რასაც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ აწყდებიან ყოფილი მსჯავრდებულები.

როგორც N 5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნესტან ვერულაშვილმა განაცხადა, მსჯავრდებულები 3 თვის განმავლობაში დიდი მონდომებით მუშაობდნენ, რათა თავიანთი განცდები ხელოვნების ენაზე გადმოეცათ.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ პოეტმა ნანა ცინცაძემ სტუმრებს და მსჯავრდებულებს საკუთარი ლექსები წაუკითხა.

მოწვეულმა სტუმრებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს სპექტაკლის წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს.