სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა და 8 პირი ამხილა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა და 8 პირი ამხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე საჯარო მოხელე.

სუს-ის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ზვიად გ; კომისიის მდივანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ზაურ მ; კომისიის წევრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ალექსი ე; კომისიის წევრი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი – მამუკა პ; კომისიის ყოფილი წევრი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე – მუხრან ხ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ანტონ ხ. აღნიშნული კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა აბასთუმანში არსებულ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს  ზიანი 7935 ლარის ოდენობის მიადგა.

თავის მხრივ, კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის იგნორირებით, მიიღეს გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთის ანტონ ხ-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის და თაღლითობაში დახმარებისათვის, პასუხისგებაში მისცეს მოქალაქეები: ზურაბ გ, ლეონიდ ბ. და დავით ჭ, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული ცრუ განცხადებით დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მიწის ფართობს ანტონ ხ. თითქოსდა, ნამდვილად ფლობდა.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 342-ე მუხლით), რაც სასჯელის სახით,  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.